1692302192
ლიეტუვის პრემიერმა ევროპარლამენტარი კუბილიუსი ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინა. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.
„მე მივიღე წინადადება. პრემიერ-მინისტრმა შემომთავაზა და მთხოვა მეკისრა ეს პასუხისმგებლობა. ეს გასულ კვირას მოხდა“, - თქვა კუბილიუსმა.
კუბილიუსის კანდიდატურის დამტკიცებას ლიეტუვის სეიმის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტში სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ უკვე განაცხადა, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ის ევროკომისრის თანამდებობაზე უარს ამბობს.