L'Express: „ბრძოლა არსებობის გასაგრძელებლად“ - უკრაინა უპრეცედენტო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას

 AFP

„როცა მეკითხებიან, რა არის ომი, მე პირდაპირ ვპასუხობ: სახელები“, - წერდა უკრაინელი პოეტი მაქსიმ კრივცოვი 2024 წლის იანვარში, ბრძოლის ველზე დაღუპვამდე. დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის სამხედრო სასაფლაოზე, ეს სახელები რიგებს მიღმაც კი გადადის. 2022 წლის მარტიდან მოყოლებული, აქ ათასზე მეტი ჯარისკაცია დაკრძალული, სამხედრო ტრადიციისამებრ. ამ ადგილის სიჩუმეს მხოლოდ თოვლში მგლოვიარე ოჯახების ნაბიჯების ხმა და დროშების ფრიალი არღვევს, - წერს ფრანგული ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი L'Express-ი სტატიაში სათაურით „ბრძოლა არსებობის გასაგრძელებლად“ - უკრაინა უპრეცედენტო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას“.

2025 წლის 10 დეკემბერს სასაფლაოზე ბოლო ადგილიც შეივსო. ეს ბნელი დღე იყო 26 წლის რომან ხარივსკისთვის. ის 2021 წელს ლვოვის მერიაში რელიგიურ საქმეთა განყოფილებაში დასაქმდა და უკვე ოთხი წელია, თითქმის ყოველდღე, სამხედრო დაკრძალვებს ორგანიზებას უწევს. მისი დილა მორგში იწყება, გარნიზონის ეკლესიაში გრძელდება და შემდეგ ქალაქის ქუჩებში ინაცვლებს, რომელიც კუბოების გავლისას ერთიანად შეშდება. „ყველაზე რთული იმ ბავშვების ნახვაა, რომლებიც ამ ჯარისკაცებს დარჩათ“, - ამბობს ახალგაზრდა მამა. მისთვის ომი მხოლოდ სახელები კი არა, სახეებია: იმ ოჯახების სახეები, რომლებსაც ის გლოვის ჟამს გვერდში უდგას. მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ სასაფლაოზე ადგილები ოდესმე ამოიწურებოდა.

ლვოვის მერიამ წინასწარ განსაზღვრა „მარსის ველის“ გადავსება. იქვე ახლოს, 11 დეკემბერს, გაიხსნა დაკრძალვის ახალი ადგილი ყოფილ „დიდების ბორცვზე“. მას შემდეგ აქ უკვე ორმოცდაათამდე დაკრძალვა ჩატარდა. „ადამიანებმა იციან, რომ ძველ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდებიან“, - აღნიშნავს სოციოლოგი ანა კოლინ ლებედევი.

ფართომასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლისა და რუსეთთან ომის თორმეტი წლის შემდეგ, ქვეყანა შეუქცევადი დემოგრაფიული და სოციალური ცვლილებების წინაშე დგას. უკრაინა, რომელიც მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი და შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ყოველ ერთ ახალშობილზე დაახლოებით სამ გარდაცვალებას ითვლის.

კიევის მიერ კონტროლირებად ზონებში უკრაინის მოსახლეობა 2025 წლის დასაწყისისთვის დაახლოებით 31.5 მილიონ ადამიანს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 42 მილიონს შეადგენდა. თითქმის 5.9 მილიონმა უკრაინელმა საზღვარგარეთს შეაფარა თავი, ხოლო სულ მცირე 5 მილიონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. „დღეს უკრაინას უწევს ბრძოლა არა მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთის წინაშე არ გაქრეს, არამედ იმისთვისაც, რომ საერთოდ განაგრძოს არსებობა“, - ასე აჯამებს ვითარებას მწერალი ტეტიანა ოგარკოვა.

სასაფლაოსთან სულ ახლოს, პროფესორი სტეფან ხმილი - მეან-გინეკოლოგი და ლვოვსა და ტერნოპილში მდებარე რეპროდუქციული მედიცინის ორი კლინიკის დირექტორი - თავისებურად ცდილობს უკრაინის გადარჩენას, მაშინ როცა შობადობის მაჩვენებელი ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, ერთ ქალზე 0.7 ბავშვამდე დაეცა. სტეფან ხმილის მონაცემებით, აფეთქებებისა თუ ქიმიური იარაღის ზემოქმედების შედეგად, სამხედრო დაზიანებების 10%-მდე რეპროდუქციულ სისტემას ეხება. სწორედ ამიტომ, ბევრი მათგანი ფრონტზე წასვლამდე სპერმის ნიმუშს აბარებს.

პროფესორი ყვება ერთი ქვეითი ჯარისკაცის ახლახან მომხდარ ამბავს, რომელმაც 107 დღე გაატარა „ნულოვან ხაზზე“, ორ თანამებრძოლთან ერთად მიწაში გათხრილ ორმოში დამალულმა, სადაც საკვებს დრონებით აწვდიდნენ. უკან დაბრუნებული, როდესაც დოქტორ ხმილის კლინიკაში მივიდა, 20 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა. „ამ ახალგაზრდების თვალებში მე ვკითხულობ სურვილს, რომ საკუთარი კვალი დატოვონ. ერთმა მომწერა: 'პროფესორო, დღეს ოცნი ვართ, მაგრამ საღამოს მხოლოდ შვიდნი დავრჩებით'“, - იხსენებს ექიმი. ამ ჯარისკაცის ცოლი დაორსულდა. კაცი ორი დღით ადრე დაიღუპა, ვიდრე ამ ამბავს გაიგებდა.

„ეს არის რუსების მიერ უკრაინელი ერის სრული გენოციდი. მათი მიზანი ჩვენი განადგურებაა. სწორედ ამიტომ, ჩემს მისიად დავისახე, წვლილი შევიტანო უკრაინელი ერის აღორძინებაში“, - აცხადებს ექიმი. ამ გამოწვევის გაცნობიერებით, მთავრობამ 2025 წლის იანვარში მიიღო კანონი, რომელიც სამხედროების სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების უფასო შეგროვებისა და შენახვის საშუალებას იძლევა. ტექსტი, რომელზეც მსჯელობა 2022 წლიდან მიმდინარეობდა, ითვალისწინებს მათ უსასყიდლო შენახვას რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები კვლავ არასაკმარისია მთლიანი პროცესის დასაფარად, - აღნიშნავს პროფესორი სინანულით.

გარდა ამისა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლტოლვილთა სულ მცირე მესამედი - ძირითადად ქალები და ბავშვები - შესაძლოა უკრაინაში არ დაბრუნდეს; მიზეზად ისინი უსაფრთხოების არარსებობას, დანგრეულ საცხოვრებლებსა და სხვა ქვეყნებში უკეთეს ეკონომიკურ პერსპექტივებს ასახელებენ. ამ ტენდენციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი 2027 წლის მარტში „დროებითი დაცვის რეჟიმის“ დასრულებას გეგმავს: მაშინ უკრაინელებს მოუწევთ სხვა სტატუსის არჩევა (სამუშაო, სწავლა, თავშესაფარი) ან სამშობლოში დაბრუნება. ომის დასრულების შემდეგ მათ შესაძლოა შეუერთდეს ასობით ათასი მამაკაციც, რომლებსაც დღეს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.