1732386875
ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი, "ყალბი" ბანანი და ვარდისფერი პური - რას შევჭამთ 2050 წელს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, 21-ე საუკუნის შუა ხანებისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების სრულად გამოსაკვებად სურსათის წარმოების არსებული მაჩვენებელი, მინიმუმ, 70%-ით უნდა გაიზარდოს.
გაეროში აცხადებენ იმასაც, რომ ამ ყველაფრის მიღწევა კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის ფონზე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდია, მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს ჩვენი მომავალი რაციონისთვის ახალი ტიპის საკვები პროდუქტების ძიება.
რას შევჭამთ 2050 წელს
ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი
კვების ექსპერტები ამბობენ, რომ 2050 წლისთვის ჩვენს რაციონში მნიშვნელოვან ადგილს ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი და მისგან დამზადებული ხელოვნური ბურგერები დაიკავებენ.
საინტერესოა, როგორ იქმნება ხელოვნური ხორცი - როგორც მეცნიერები განმარტავენ
ლაბორატორიაში ხორცის გამოყვანა ცოცხალი ცხოველისგან აღებული ღეროვანი უჯრედებით იწყება. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის უჯრედებია, რომლებიც საბოლოოდ ქსოვილებად ყალიბდება. შემდგომ, მას სპეციალური ცილისა და საკვები ნივთიერებების შემცველ მოწყობილობაში ათავსებენ, სადაც ის სრულ სახეს იღებს - და ხორციც იქმნება.
კვების ექსპერტების თქმით, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი გემოთი ჩვეულებრივი ხორცისგან არაფრით განსხვავდება. ის საკმაოდ ბიუჯეტურია და თანაც ასეთ შემთხვევაში ცხოველების დახოცვა აღარ დაგვჭირდება.
სინგაპურის მაღაზიებში ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი უკვე იყიდება. მისგან დამზადებული ხელოვნური ბურგერის ფასი კი 9-10 დოლარამდე მერყეობს.
მცენარეული ხორცი
ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის პარალელურად, ექსპერტები დიდ იმედს ამყარებენ მცენარეულ "ხორცსა" და 3D ტექნოლოგიაზე.
ლაბორატორიული ხორცისგან განსხვავებით, რომელიც ცოცხალი ცხოველის უჯრედებისგან მზადდება, მცენარეული, იგივე სინთეზური ხორცი სოიოს, სოკოს, ხორბლის პროტეინის, მცენარეული ცხიმებისა და დაპატენტებული სანელებლების ნარევს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ხორცის შეფერილობა ჭარხლის გამოყენებით ეძლევა.
ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოებაში, ხორცი აღარ იარსებებს და ჩვენ გემოთი მასზე მიმსგავსებული საკვები გვექნება, რომელიც სრულად მცენარეული შემადგენლობის იქნება.
მედუზები
დანიაში მოღვაწე კვების ექსპერტების თქმით, მომავალში თევზი, შესაძლოა არც მეტი, არც ნაკლები მედუზებმა ჩაანაცვლონ. საქმე ისაა, რომ ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურება წყალქვეშა არსებების, გადაშენებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მედუზები კი თევზებთან შედარებით ბევრად დიდხანს ცოცხლობენ.
ბრიტანეთის კვების ასოციაციის განცხადებით, მედუზები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ისეთ ცილებსა და მინერალებს შეიცავენ, როგორიცაა ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი, B12 ვიტამინი. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, მეცნიერებმა მათი ხრაშუნა საკვებად გარდაქმნა შეძლეს.
ასევე, მედუზებს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სალათისა და კერძის მოსამზადებლად. ასე რომ, თუ მომავალში დახლებზე მედუზის ჩიფსები შეგხვდებათ, არ გაგიკვირდეთ.
მწერები
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, 2050 წლისთვის ადამიანებისთვის პროტეინების მთავარ წყაროდ მწერები იქცევიან.
ხოჭოები, მუხლუხოები, კალიები, კრაზანები და ჭრიჭინები - ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდებიან.
როგორც ნიდერლანდელმა ექსპერტები აცხადებენ, მწერების ფერმები ქარხნებისგან განსხვავებით, მტვერსა და მავნე გამონაბოქლევს არ გამოყოფს. რაც ბუნებრივია, გარემოს არ დააზიანებს.
ვარდისფერი პური
2050 წელს, შესაძლოა, ვარდისფერი პური შევჭამოთ. სინგაპურის უნივერსიტეტის კვების ექსპერტმა, ზუ ვეიბაომ მის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ვარდისფერი პურის დასამზადებლად, იყენებენ მცენარეულ პიგმენტს, სახელწოდებით „ანტოციანი“, რომელსაც შავი ბრინჯისგან იღებენ.
როგორც ზუ ვეიბაო ამბობს, ანტოციანის გამოყენება საკვების მონელებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და დიაბეტის გაჩენის რისკს ამცირებს.
მუსიკით კვება
ბოლო დროს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხმა ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ საკვების გემოს.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენის შემთხვევაში ადამიანებს საკვები უფრო ტკბილი და გემრიელი ეჩვენებათ, ხოლო დაბალი ტონალობის შემთხვევაში - მწარე.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, რასელ ჯონსის განცხადებით, ამ აღმოჩენის გამოყენებას მეცნიერები მომავალში აქტიურად გეგმავენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში საკვები შეიძლება უგემური და ყველა ინგრედიენტს მოკლებული იყოს და მას გემო მუსიკამ მისცეს.
ასე რომ, ერთ დღესაც - როდესაც რესტორანში საყვარელი კერძს შევუკვეთავთ, მას თან შესაძლოა, მუსიკალური ალბომი და ყურსასმენები მოჰყვეს.
"ყალბი" ბანანი
2050 წელს "ყალბი" ბანანების საჭმელადაც უნდა მოვემზადოთ.
ენსეტი, იგივე „ყალბი ბანანი“ ბანანის ახლო ნათესავია გახლავთ, რომელიც ეთიოპიაში იზრდება. ეს ბანანის მსგავსი ხილი საკვებად ვარგისი არაა, მაგრამ მისი სახამებლით მდიდარი ღეროები და ფესვები დუღილის შემდეგ ფაფის გასაკეთებლად გამოდგება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბანანის მსგავს კულტურას აქვს პოტენციალი, გლობალური დათბობის პირობებში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი გამოკვებოს.რა თქმა უნდა, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, 2050 წელს როგორი რაციონი გვექნება, თუმცა, კლიმატის ცვლილებასა და შიმშილთან გასამკლავებლად საკმარისი საკვები რესურსების მოძიება არ უნდა გაგვიჭირდეს. მით უფრო, რომ ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია.