კუნძულ კრეტაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

დააკავეს

ბერძნულ კუნძულ კრეტაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავებულია აზერბაიჯანის 26 წლის მოქალაქე, რომელიც აშშ-ის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფოტოსურათებს იღებდა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულს პოლონეთის მიერ გაცემული ვიზა აქვს. მისი ნომრის ჩხრეკისას ამოღებულია 5000 ათასზე მეტი ფოტო და ვიდეო. გამოძიების მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი სურათებს უღებდა ასევე სამხედრო გემებსაც.

ცნობისთვის, 21 ივნისს კვიპროსზე დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ტერორისტული აქტების მომზადება ედება. გავრცელებული ცნობით, დაკავებული კვიპროსზე ბრიტანეთის ვიზით შევიდა და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დავალებით მოქმედებდა.

კვიპროსისა და საბერძნეთის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ნატო-ს სამხედრო ბაზები ისრაელისა და ირანის კონფლიქტის ესკალაციის ფრონტზე, შესაძლოა, სამიზნედ იქცეს. ამის გამო ამ ობიექტებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.