1750699583
აშშ და ბრიტანეთი კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ უსაფრთხო ადგილს თავი შეაფარონ

აშშ და გაერთიანებული სამეფო კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ შემდეგ განკარგულებამდე უსაფრთხო ადგილს თავი შეაფარონ.
დოჰაში აშშ-ს საელჩომ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, კატარში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ კი დაწერა, რომ გაფრთხილებას აშშ-ს საელჩოს განცხადების ფონზე ავრცელებენ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში განმარტა, რომ რიგი ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, თუმცა ეს "კონკრეტული საფრთხეების არსებობას აუცილებლად არ ასახავს".
"ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია სტაბილურია. [...] შესაბამისი უწყებები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა მოქალაქეების, მცხოვრებებისა და მნახველების უსაფრთხოება უზრუნველყონ". - წერია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ უცხო ქვეყნებში ამერიკის მოქალაქეებს "სიფრთხილის გამოჩენისკენ" მოუწოდა.
კატარში ახლო აღმოსავლეთში უდიდესი ამერიკული ავიაბაზა, ალ-უდეიდის ავიაბაზა მდებარეობს.
აშშ-ს სახდეპის ცნობით, კატარში აშშ-ს დაახლოებით 8 000 მოქალაქე ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.