კრემლი ყარაბაღის მცხოვრებლებს აიძულებს, უარი თქვან საკვებზე

ფოტო

კრემლი ცდილობს, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ყარაბაღში იმავე სცენარით გაყინოს, როგორც უკრაინაში დონბასის, საქართველოში „სამხრეთ ოსეთისა“ და მოლდოვაში დნესტრისპირეთის. მას მხოლოდ ასე შეუძლია შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, მათ შორის, სამხედრო წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის ყარაბაღის სომხურ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებისთვის დამატებითი გზის გახსნის შესახებ განაცხადეს, პრორუსმა სეპარატისტებმა ეს მარშრუტი გადაკეტეს.

ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა გაკონტროლებას რუსეთი სეპარატისტული ანკლავების მეშვეობით ცდილობს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების პროცესში რეალური შუამავალი ევროკავშირი და აშშ არიან. სამშვიდობო შეთანხმების დადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს ჩამოართმევს და დასავლეთისკენ ერევნის საბოლოო სვლას შეუწყობს ხელს.

რუსი „სამშვიდობოების“ დახმარება იარაღის ლულების ქვეშ

15 ივლისს, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბაქოს განზრახვის შესახებ, ქალაქ აღდამის გავლით აზერბაიჯანული ყარაბაღის სომხური ანკლავისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების თაობაზე.

2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, სომხური ანკლავის კავშირი სომხეთთან ხორციელდება ლაჩინის გზის გასწვრივ, რომელსაც რუსული სამხედრო კონტინგენტი აკონტროლებს. ეს გზატკეცილი მიდის ანკლავის ადმინისტრაციული ცენტრისკენ - ქალაქ ხანქენდისკენ, რომელსაც სომხები სტეფანაკერტს უწოდებენ. ამ მარშრუტზე ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფალი გადაადგილების მიუხედავად, სეპარატისტული ხელმძღვანელობა 2022 წლის დეკემბრიდან ამტკიცებს, რომ „არცახში შიმშილობა და ჰუმანიტარული კატასტროფაა“.

მიშელის განცხადების პასუხად, რომ აზერბაიჯანი მზადაა ჰუმანიტარული ტვირთვისთვის დამატებითი მარშრუტი გახსნას, პრორუსული მოძრაობის „არცახის უსაფრთხოებისა და განვითარების ფრონტის“ წარმომადგენლებმა 18 ივლისს ბეტონის ბლოკებით გადაღობეს გზა აღდამიდან ხანქენდამდე. რეალური შიმშილის პირობებში, წარმოუდგენელია სიტუაცია, როდესაც „მსხვერპლი“ უარს ამბობს სურსათზე და გზას კეტავს მხოლოდ იმის გამო, რომ დახმარება მოდის იმ გზაზე, რომელიც მას არ მოსწონს.

ხანქენდის სეპარატისტული ხელმძღვანელობისთვის პრინციპულია სწორედ ლაჩინის გზის გამოყენება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი აკონტროლებს. ბაქოს ოფიციალური მონაცემებით, ეს გზა „სამხედრო პერსონალის როტაციისთვის, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასროლისა და ტერორისტთა შეღწევისთვის“ გამოიყენება.

სომხეთის ანკლავში შიმშილის არარსებობის თვალსაჩინო დემონსტრირება გახდა უკრაინელი დეპუტატის, ვლადიმირ კრეიდენკოს გამოძიება.

მან ხანქენდში რამდენიმე კორპორაციული წვეულებისთვის ხორცისა და თევზის კერძების, ყველის და ნამცხვრების შეკვეთას გაუწია ორგანიზება და არცერთი უარი არ მიუღია.

„ყარაბაღის რეგიონში არა მხოლოდ „ბლოკადა“, არამედ „შიმშილიც“ არ არსებობს, როგორც არ უნდა ამტკიცებდეს საპირისპიროს პროკრემლისტური რეჟიმის პროპაგანდა“, - ჯერ კიდევ თებერვალში იყო ნათქვამი წამყვანი ბულგარული გამოცემა Fakti-ს ანალიტიკურ მიმოხილვაში.

ივლისის ბოლოს კი, ეს უკვე სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმაც აღიარა: „არცახში არ არის შიმშილი, გაზვიადება საჭირო არ არის“, - თქვა მან.

როგორც ჩანს, ხანქენდში კრიტიკულისგან ძალიან შორს არის და იყო.

რუსი მილიარდერი - კრემლის მომხრე სეპარატისტების წინამძღოლი

ევროპელი და ამერიკელი დამკვირვებლების ანალიტიკაში არაერთხელ არის ნახსენები ყარაბაღში პროკრემლისტური რეჟიმის არსებობაზე. აღდამ-ხანქენდის გზის დაკეტვა ხომ „არცახის უსაფრთხოებისა და განვითარების ფრონტმა“, „არცახის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა რუბენ ვარდანიანმა მოაწყო, რომელსაც მედიაში ხშირად უწოდებენ პუტინის ემისარს სამხრეთ კავკასიაში.

2023 წლის აპრილში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, ვარდანიანი შეიყვანეს რუსული აგრესიის თანამზრახველთა ბაზაში - „Myrotvorets“.

ანალიტიკური გამოცემის Geopolitical Monitor, „კრემლმა ვარდანიანი იმიტომ გაგზავნა ყარაბაღში, რომ შიშობდა, ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმების დადებას შეძლებდა.

დესტაბილიზება გავლენისთვის

ის აზრი, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზებას ცდილობს, როგორც ამას მანამდე უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში აკეთებდა, ფართოდ არის გავრცელებული საერთაშორისო მედიაში.

„რუსული რეჟიმი აზერბაიჯანულ ყარაბაღში სომხურ უმცირესობაზე მანიპულირებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები გაამწვავოს... ეს სცენარი მოგვაგონებს სხვა დავებს, რომლებიც კრემლმა შეთხზა საქართველოში, მოლდოვასა თუ უკრაინაში, რომ შეენარჩუნებინა თავისი იმპერიული გავლენის სფერო“, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Times.

უკრაინაში უმსხვილესმა საინფორმაციო ვებგვერდმა „ცენზორმა“ განმარტა, რომ „პუტინი, თავისი მიზნებისთვის ისევე იყენებს ყარაბაღში სომეხ სეპარატისტ-მარიონეტებს, როგორც ოსებს და აფხაზებს იყენებდა საქართველოში და „რუსული სამყაროს“ მხარდამჭერებს ყირიმსა და დონბასში“.

„ეს [სომეხი სეპარატისტების გამოყენება ყარაბაღში] მოსკოვს საშუალებას აძლევს, სამხრეთ კავკასიაში ისევე შეინარჩუნოს სამხედრო წარმომადგენლობა, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ „სამხრეთ ოსეთში“ ან რუსეთის მიერ კონტროლირებად, მოლდოვის აღმოსავლეთ რეგიონებში“, - განმარტავს რუმინული Newsweek.

რუსული პასპორტები კრემლის გულშემატკივრებისთვის

კრემლის ასეთმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ყარაბაღში სომეხი სეპარატისტები მხარს უჭერენ რუსული კონტინგენტის განუსაზღვრელი ვადით დარჩენას იქ და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარებას.

„არცახში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც ეხება რუსეთთან შეერთებას, როგორც რვა წლის წინ ყირიმში“, - ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტაშეს გეგამიანმა.

ამავე პერიოდში, 2022 წლის აპრილში ყარაბაღში აქცია გაიმართა რუსეთთან შეერთების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების მიზნით. კულმინაციად იქცა სომეხი რეზერვის პოლკოვნიკის ჰაიკ ნაჰაპეტიანის მიმართვა რუსეთის საელჩოსადმი, მოქალაქეობის მისაღებად: „ამგვარად, ჩვენ გვაქვს არაღიარებული, თუმცა სავსებით რეალური ტერიტორია, რომელიც დასახლებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებით. ასე რომ, რუსეთს არა მხოლოდ მორალური, არამედ ლეგალური უფლება ეძლევა, ჩაერიოს პროცესში“.

მოსკოვი, ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის წინააღმდეგ

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 2025 წლის მაისში არცერთი მხარე არ მოითხოვდა რუსული ჯარების ყარაბაღიდან გაყვანას, მათი იქ ყოფნა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდებოდა. რაც უფრო ახლოვდება 2025 წლის მაისი, მით უფრო დიდია კრემლის ინტერესი, ყარაბაღში მის მარიონეტებზე ზეწოლა გაზარდოს და ხელი შეუშალოს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას.

მოსკოვისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ თავს „მთავარ შუამავლად“ წარმოაჩენს სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებში, თუმცაღა ყველაფერს აკეთებს მის გასაყინად, ევროკავშირი ნამდვილად დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევით.

უპირველეს ყოვლისა, ეს უკავშირდება რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების, განსაკუთრებით კი ზანგეზურის დერეფნის გახსნას.

„მისი გახსნით, ევროკავშირი ჩინეთისკენ პირდაპირ სატრანსპორტო მარშრუტს მიიღებს რუსეთის გვერდის ავლით - თურქეთის, აზერბაიჯანის, კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის გავლით“, - აღნიშნა მოლდოვის მთავარმა ტელეარხმა Moldova-1 კიშინიოვში 1-ელ ივნისს გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის წინა დღეს.

„აზერბაიჯანს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს რუსული წიაღისეული საწვავის დანაკარგის ანაზღაურებას“, - იტყობინებოდა მაშინ ამერიკული CNN-ის ჩეხური ბიურო.

ბაქოსა და ერევნის მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ინიციატივის წართმევა, რეალური წარმატების მიღწევის პერსპექტივით, პუტინს სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს ჩამოართმევს. ეს, ასევე, ხელს შეუწყობს სომხეთის საბოლოო სვლას დასავლეთისკენ. თავის მხრივ, ყარაბაღის სომხების სწრაფი ინტეგრაცია აზერბაიჯანში კრემლის, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის მათზე მანიპულირების მოხდენის შესაძლებლობას მოუსპობს.

უკრაინელი პოლიტოლოგი, ანალიზისა და სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელი იგორ ჩალენკო (კიევი).

 

 

წყარო: newshub.ge