მედიის ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ რუსეთის ტულის ოლქში სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანასა და თბოელექტროსადგურზე აფეთქებები მოხდა

ნკ

რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვში დრონებით შეტევის შედეგად აფეთქებები მოხდა სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანასა და თბოელექტროსადგურზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეფრემოვის სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა აწარმოებს მასალებს, რომლებიც მყარსაწვავიანი სარაკეტო საწვავის, მათ შორის „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებისთვის განკუთვნილი საწვავის წარმოებაში გამოიყენება. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.

გარდა ქარხნისა, აფეთქება მოხდა ეფრემოვის თბოელექტროსადგურზეც, რომელიც ქალაქსა და ადგილობრივ სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის კაუჩუკის ქარხანას, ელექტროენერგიითა და სითბოთი ამარაგებს.

აფეთქებების შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გათბობის მიწოდების შეფერხების შესახებ განაცხადეს.

ტულის ოლქის გუბერნატორის დიმიტრი მილიაევის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რეგიონში ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

„დაშავებულები არ არიან. წინასწარი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დაზიანება არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მილიაევის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევებმა ეფრემოვის რაიონში სამი კერძო საცხოვრებელი სახლის ფანჯრები დააზიანა. თუმცა მას სამრეწველო ობიექტებზე მომხდარი აფეთქებები არ უხსენებია.

ეფრემოვის სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა უკრაინის თავდასხმის სამიზნე ადრეც გამხდარა, მათ შორის 2025 წლის 24 დეკემბერს და 2026 წლის 25 სექტემბერს.

✕