1734086254
კოლორადოს შტატის მდივანი აცხადებს, რომ საარჩევნო აღჭურვილობის პაროლები ოთხი თვის განმავლობაში ინტერნეტში იყო განთავსებული, რამაც შტატის 64 ოლქიდან 34-ზე იქონია გავლენა
კოლორადოს შტატის მდივანმა გაამჟღავნა, რომ საარჩევნო აღჭურვილობის პაროლები ოთხი თვის განმავლობაში ინტერნეტში იყო განთავსებული. კოლორადოს „ლიბერტარიანული პარტია“ შტატს ამ დარღვევის გამო უჩივის, – ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.
როგორც შტატის მდივანმა, ჯენა გრისვოლდმა განაცხადა, არჩევნების წინ მოხდა „უსაფრთხოების შემაშფოთებელი დარღვევა“ – საარჩევნო აღჭურვილობის პაროლები ოთხი თვის განმავლობაში ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი, ვიდრე მათ აღმოაჩენდნენ და წაშლიდნენ.
გრისვოლდმა, რომელიც დემოკრატია, განაცხადა, რომ ინტერნეტში პაროლები 21 ივნისს განთავსდა და 24 ოქტომბერს წაიშალა.
გრისვოლდის ინფორმაციით, კოლორადოს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა ელექტრონული ცხრილი, რომელიც დამალულ ჩანართში შეიცავდა პაროლებს. როგორც გრისვოლდის ოფისი იუწყება, ეს ცხრილი შემდგომ განთავსდა დეპარტამენტის საარჩევნო სისტემების აღჭურვილობის გვერდზე.
გრისვოლდის ოფისმა დაადგინა, რომ პაროლების გაჟონვამ კოლორადოს 64 ოლქიდან 34-ზე იქონია გავლენა.
მიუხედავად იმისა, რომ დარღვევა 24 ოქტომბერს აღმოაჩინეს, ის მაშინვე საჯარო არ გამხდარა. გრისვოლდმა განაცხადა, რომ დარღვევის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ არ აცნობეს, რადგან არ იცოდნენ პაროლები აქტიური იყო თუ არა. მისი თქმით, მას სურდა ჯერ „გამჟღავნების მასშტაბი და მოცულობა“ გაეგო.
„კოლორადოს არჩევნების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტი, საოლქო მდივნებთან და შტატის მასშტაბით არჩევნების თანამშრომლებთან ერთად, სრული სერიოზულობით უდგება ჩვენი არჩევნებისთვის ნებისმიერ პოტენციურ რისკს. მე ვწუხვარ ამ შეცდომის გამო. მე ვალდებული ვარ უზრუნველვყო, რომ ეს საკითხი სრულად გადაიჭრას და მსგავსი შეცდომები აღარასოდეს განმეორდეს“, – განაცხადა შტატის მდივანმა, ჯენა გრისვოლდმა.