ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ იმის იმედი როცა არ აქვს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა და არჩევნებს აგებენ, შემდეგ უცხოელებს იშველიებენ და საარჩევნო კამპანიას ქართული საზოგადოების ნაცვლად უცხოელებთან ატარებენ, ეს სწორედ სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინტერესია, ოღონდ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და თუნდაც, სუვერენიტეტი გაუქმდეს.
„ვამბობდით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება უნდა-თქო და მტკიცებულებებს ითხოვდნენ. შეგიძლიათ, მათი ამჟამინდელი განცხადებები იხილოთ, მათ შორის საერთაშორისო გამოძიებაზე. პატივს როცა არ სცემ მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და მიგაჩნია, რომ გამოძიება საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ჩაატაროს, რომელიც ანტიკონსტიტუციურია და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, სად არის აქ სუვერენიტეტი? – ეს ხალხი საქართველოს ხედავს, როგორც კოლონიას და მეორე-მესამეხარისხოვან სახელმწიფოს. ამით ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. იმის იმედი როცა არ აქვთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა და არჩევნებს აგებენ, შემდეგ უცხოელებს იშველიებენ და საარჩევნო კამპანიას ქართული საზოგადოების ნაცვლად უცხოელებთან ატარებენ, ეს სწორედ სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს. მეტი რა მტკიცებულებებია საჭირო, როცა საარჩევნო კამპანიას უცხოელებთან ატარებენ და უნდათ, რომ გამოძიება საქართველოს ნაცვლად უცხოელებმა ჩაატარონ, ასევე, მოსამართლეები უცხოელებმა აირჩიონ და არჩევნები უცხოელებმა ჩაატარონ. ეს არის კლასიკური გაგებით ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება. მათი ინტერესია, ოღონდ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და თუნდაც, სუვერენიტეტი გაუქმდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე „პროვივის“ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, საერთაშორისო გამოძიებამ „სმრატმატიკის,“ „პროვივისა“ და ცესკო-ს საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
„„პროვივის“ აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იყო გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი აჩენს უფრო მეტ კითხვას, ამიტომ, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობა“, – განაცხადა კორძაიამ.