კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ევროპელ ლიდერებთან, ნატო-ს გენმდივანთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, განვიხილეთ ომის დასრულების კონკრეტული ნაბიჯები - ალექსანდრ სტუბი

ალექსანდრ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ევროპელ ლიდერებთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან.

მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემა ომის დასრულების კონკრეტული ნაბიჯები იყო.

„კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ ომის დასრულების კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს ალექსანდრ სტუბი.