კანადის ფინანსთა მინისტრი ჯასტინ ტრიუდოსთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა

კანადის ფინანსთა მინისტრი ჯასტინ ტრიუდოსთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა

კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილენდი პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან რიგ საკითხებზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ფინანსთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო ხარჯებთან და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ ტარიფებთან დაკავშირებით.

„ბოლო რამდენიმე კვირაა მე და თქვენ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს კანადისთვის წინსვლის საუკეთესო გზასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ფრილენდის წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

გადამდგარმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მიერ კანადისთვის იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესების მუქარა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„დღეს ეს ნიშნავს ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას, რომ გვქონდეს რეზერვები, რომლებიც შესაძლოა, დაგვჭირდეს ტარიფების ომისთვის. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა, თავიდან ავიცილოთ ძვირადღირებული პოლიტიკური სვლები“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

უმცირესობის მთავრობის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ფრილენდის შემცვლელად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი დომინიკ ლებლანკი დასახელდა.

ფრილენდის გადადგომა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა, ტრიუდოს მთავრობის წინაშე არსებული უდიდესი კრიზისია 2015 წლის შემდეგ. მისი თანამდებობიდან წასვლით ჯასტინ ტრიუდო საკვანძო მოკავშირის გარეშე დარჩა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელშიც არსებული პროგნოზებით, ის ოპოზიციონერ კონსერვატორებთან მარცხდება.

ამასთან, ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურ პარტიაზე ზეწოლა იზრდება პარტია „ახალი დემოკრატების“ მხრიდან, რომელიც აქამდე ლიბერალებს ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. თუმცა ამჯერად, „ახალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პიტერ ჯულიანმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მისი პარტია ტრიუდოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს, თუ ის არ გადადგება.