კაია კალასმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ახალ გენერალურ მდივნად კაისა ოლონგრენი დანიშნა

კაისა ოლონგრენი კაია კალასი

ნიდერლანდების ყოფილი თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ახალი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„კაისას აქვს საჯარო სამსახურში, დიპლომატიასა და ორგანიზაციების მართვაში მიღებული 30-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ნიდერლანდების გენერალურ საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის პოზიციებზე. მისი ლიდერული თვისებები დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. მოუთმენლად ველოდები ერთობლივ მუშაობას“,- წერს კალასი სოციალურ ქსელში.

გამოცემა „ევრაქტივის“ ინფორმაციით, კაისა ოლონგრენი ბელენ მარტინეს კარბონელს შეცვლის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას პირველი სექტემბრიდან შეუდგება. კარბონელი მექსიკაში ევრიკავშირის ახალ ელჩად დაინიშნა.

ოლონგრენი ნიდერლანდების ყოფილი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრია. ამჟამად კი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. „ევრაქტივის“ ცნობით, კალასმა ასევე განაცხადა, რომ ოლონგრენის ორი მოადგილიდან ერთ-ერთის თანამდებობას მატი მაასიკასი დაიკავებს, რომელიც 2019-2023 წლებში უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ინფორმაციით, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მეორე მოადგილე დევიდ კვაში იქნება, რომელიც ამჟამად ნატო-ში საფრანგეთის ელჩის თანამდებობას იკავებს.