ჯეი დი ვენსი: Deep State-ის მიერ რიჩარდ ნიქსონის დამხობა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იმავე ინსტიტუტებმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სცადეს

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, „უოტერგეიტის სკანდალი“ დღეს რომ მომხდარიყო, მასზე ბევრს არ ისაუბრებდნენ.

კალიფორნიის შტატის ქალაქ იორბა ლინდაში, რიჩარდ ნიქსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, თავისი ახალი წიგნის, „ზიარების“ წარდგენისას ვენსმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, „ეპოქის განმსაზღვრელი „უოტერგეიტის სკანდალი“ დღევანდელ ფრაგმენტულ, ზედმეტადპარტიულ პოლიტიკურ გარემოში ერთ საინფორმაციო ციკლზე მეტხანს გაგრძელდებოდა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დამხობას არ გამოიწვევდა“.

მისივე თქმით, აღფრთოვანებულია რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობით და განაცხადა, რომ ის და დონალდ ტრამპი Deep State-ის ძალების სამიზნეები არიან.

„უოტერგეიტი ხვალ თუ მოხდებოდა, ეს 12-საათიანი სიახლე იქნებოდა. ის აზრი, რომ ეს პრეზიდენტობას დაამხობდა, სიგიჟეა. თუ გადავხედავთ ისტორიას, როგორ დაამხო Deep State-მა რიჩარდ ნიქსონი, ის დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იმავე ჯგუფებმა, იმავე ინსტიტუტებმა სცადეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. არსებობს პარალელი“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დისკუსიის დროს.

ცნობისთვის, უოტერგეიტის სკანდალი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სკანდალი აშშ-ის ისტორიაში. იგი დაიწყო 1972 წელს, როდესაც დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში უკანონოდ შეიჭრნენ და მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტთან კავშირი ჰქონდა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციას, რომელიც ფაქტების დაფარვასაც ცდილობდა. ჟურნალისტურმა გამოძიებამ და სასამართლო პროცესებმა ფაქტები დაადასტურა. ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, ნიქსონი 1974 წელს გადადგა, რითაც გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. სკანდალმა მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა ხელისუფლების მიმართ.