1732386875
ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა - „როიტერი“
„როიტერის“ ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიშები მიიტანა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამიზნე იყო ირანული სამხედრო ობიექტები. ამის შესახებ „როიტერს“ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათვე ცნობით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ირანის რადარის მომსახურე სადგურზე და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე, რომელიც პორტ ტარტუსთან ახლოს მდებარეობს. ამ პორტში განლაგებულია რუსეთის ფლოტის მთავარი ბაზა.
ისრაელის სხვა დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა სირიის დედაქალაქ დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი, სადაც პრო-ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები არიან დისლოცირებულები. სირიის არმიაში განაცხადეს, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე.
ბოლო წლებში ისრაელმა არაერთხელ მიიტანა იერიშები სირიაში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებსაც მისი აზრით დაკავშირებულია ირანთან. თუმცა, ამ დრომდე ისრაელი თავს იკავებდა რუსული ბაზის სიახლოვეს იერიშების განხორციელებისგან.