ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის, ერაყის გარდა, სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეც გამოიყენა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ერაყის გარდა, ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეც გამოიყენა – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეგიონში შეერთებული შტატების ყოფნა და სამხედრო ძალა ფაქტია. ისრაელმა კი ირანის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი აგრესია შეერთებული შტატების მიერ შექმნილი არხით განახორციელა.

„თავდასხმამდე ერაყში ვიყავი და ერაყის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გარანტიები მომცეს, მაგრამ არის ცნობები, რომ ერაყის საჰაერო სივრცე გამოიყენეს. ერაყის მხარესთან საერთაშორისო დონეზე სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ საჩივრებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს” – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბას არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ წარადგინა თავისი საჩივარი გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანოებში ერაყისა და სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის ირანზე თავდასხმის გამოყენებასთან დაკავშირებით.