ისრაელისა და სირიის მინისტრებმა 25 წელიწადში პირველად, მაღალი დონის შეხვედრა გამართეს

დროშები

ისრაელისა და სირიის მინისტრებმა 25 წელიწადში პირველად მაღალი დონის შეხვედრა გამართეს.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ტომ ბარაკის შუამავლობით შეხვედრა პარიზში გაიმართა და ოთხ საათს გაგრძელდა.

შეხვედრაზე ისრაელს წარმოადგენდა სტრატეგიული საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, სირიის მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შეიბანი.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, სამიტის მიზანი იყო სამხრეთ სირიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებების მიღწევა, რათა შენარჩუნდეს ისრაელსა და სირიას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავიდან იქნას აცილებული გასული კვირის მსგავსი კრიზისი.

ისრაელის მთავრობა იმედოვნებს, რომ საზღვარზე უსაფრთხოების საკითხების გარდა, საფრანგეთში დაგეგმილი სამიტი „გამოიწვევს სირიის მზაობის ზრდას ისრაელთან დიპლომატიური ნაბიჯების გადადგომის მიმართულებით. როგორც მედია წერს, პარიზში ეს ნახევრად საჯარო შეხვედრა ისრაელისა და სირიის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალი საიდუმლო შეხვედრის შემდეგ გაიმართა.