ისრაელის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სირიის საკითხზე აზერბაიჯანში მოლაპარაკებები გამართეს

ისრაელის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სირიის საკითხზე აზერბაიჯანში მოლაპარაკებები გამართეს

ისრაელის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სირიის საკითხზე აზერბაიჯანში მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის და თურქეთის დელეგაციებმა განიხილეს კონფლიქტის თავიდან არიდების მექანიზმები, რომელიც სირიაში არასასურველი ინციდენტების პრევენციას ისახავს მიზნად.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს ისრაელმა ცალსახად განაცხადა, რომ სირიაში უცხოური ძალების განლაგების ნებისმიერი ცვლილება, კერძოდ, თურქული ბაზების განთავსება პალმირას რაიონში, არის წითელი ხაზი. ისრაელში ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედებების თავიდან აცილება სირიის მთავრობის პასუხისმგებლობაა.

„ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს, საფრთხეს შეუქმნის სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარას მმართველობას“, – აცხადებს ისრაელის ოფიციალური პირი.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის ხელისუფლება, რომლის თანახმად, თურქეთსა და ისრაელს შორის პირველი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა კონფლიქტის პრევენციის მექანიზმის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავს სირიაში „არასასურველი ინციდენტების“ თავიდან აცილებას. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი „პროვოკაციული თავდასხმები“, რომლებიც საფრთხეს უქმნის სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და დესტაბილიზაციას უქმნის მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისრაელმა უნდა მიატოვოს ექსპანსიონისტური, საოკუპაციო პოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ეს უკანონობა“, – აღნიშნულია თურქული მხარის განცხადებაში.