ისააკ ჰერცოგი: არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ან ვინმე სხვას შეუძლია, ჩაერიოს ჩემს დისკრეციულ უფლებამოსილებაში

ისააკ ჰერცოგი

არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ან ვინმე სხვას შეუძლია, ჩაერიოს ჩემს დისკრეციულ უფლებამოსილებაში, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ 27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, კოალიციის ფორმირების მანდატის გადაცემისას მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც აღნიშნული განცხადება და ვერც რაიმე სახის გარე ზეწოლა.

ხმების დათვლის შემდეგ ჰერცოგი კონსულტაციებს გამართავს არჩეული პარტიების ლიდერებთან, რის შემდეგაც მთავრობის ფორმირების მანდატს გადასცემს იმ კანონმდებელს, რომელსაც, მისი აზრით, ამის საუკეთესო შანსი აქვს. ჰერცოგი აღნიშნავს, რომ „საკმაოდ დიდი ზეწოლა იქნება“ და ხაზს უსვამს, რომ ტრამპის მიმართ „დიდი პატივისცემით“ არის განწყობილი, თუმცა დასძენს, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის დააკისროს ეს ამოცანა, მხოლოდ თავად მიიღებს. „ეს ისრაელის დემოკრატია და ისრაელის კონსტიტუციაა — და ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

თუ კანდიდატი 28 დღის განმავლობაში (რასაც ემატება 14-დღიანი გაგრძელების ვადა) ვერ შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას, ისრაელის პრეზიდენტს შეუძლია, ეს ამოცანა სხვა კანონმდებელს დააკისროს. თუ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება, ქნესეთის 61 წევრისგან შემდგარ უმრავლესობას შეუძლია, პრეზიდენტს მიმართოს თხოვნით, რათა მან დამატებითი 21 დღის განმავლობაში ეს ამოცანა კონკრეტულ კანონმდებელს დააკისროს.

„ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ვითარება სრულიად გაურკვეველია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შედეგები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნება“, – აცხადებს ჰერცოგი პოლიტიკური ბლოკების რთულ განლაგებაზე საუბრისას.

გამოკითხვების თანახმად, დიდი ალბათობით, შეიქმნება ჩიხური მდგომარეობა, რა დროსაც ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს უმრავლესობის კოალიციის ჩამოყალიბებას. ისრაელის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს განმეორებითი არჩევნების თავიდან ასაცილებლად; მათ შორის, შეეცდება, ხელი შეუწყოს ერთიანობის მთავრობის შექმნას ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდსა“ და მის მთავარ კონკურენტს, გადი ეიზენკოტის „იაშარს“ შორის. თუმცა ის იქვე დასძენს: „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს“.

✕