ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების გრაფიკს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანთან ომში მიზნების ნახევარზე მეტი მიღწეულია, თუმცა ომის დასრულების ვადების დასახელება არ სურს. The Times of Israel-ის ინფორმაციით, პრემიერმა შესაბამისი განცხადება ამერიკულ მედიასთან საუბარში გააკეთა.

„ის ნამდვილად შუა გზას გასცდა. თუმცა, არ მინდა, გრაფიკი დავადგინო“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ Newsmax-ს და განმარტა, რომ ომი შუა გზას გასცდა არა დროის, არამედ მისიის თვალსაზრისით.

ნეთანიაჰუს თქმით, ომმა მიაღწია მიზანს, მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ათასობით“ წევრის ლიკვიდაციას. ასევე, ისრაელი და შეერთებული შტატები „ახლოს არიან ირანის იარაღის ინდუსტრიის დასრულებასთან“.

ნეთანიაჰუს თქმით, ფიქრობს, რომ ირანში არსებული „რეჟიმი შიგნიდან დაიშლება“.

„ვფიქრობ, ეს რეჟიმი შიგნიდან დაიშლება. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ უბრალოდ ვამცირებთ მათ სამხედრო შესაძლებლობებს, მათ სარაკეტო შესაძლებლობებს, მათ ბირთვულ შესაძლებლობებს და ასევე ვასუსტებთ მათ შიგნიდან“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.