ირანის სახელმწიფო მედია აშშ-თან მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტს ავრცელებს

ირანი აშშ

ირანის სახელმწიფო მედია აშშ-თან მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტს ავრცელებს.

კერძოდ, ესენია: ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა; შეერთებული შტატების ვალდებულება, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გაუქმება 30 დღის ვადაში; აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა ირანიდან; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა 30 დღის განმავლობაში, „ირანის შეთანხმებების შესაბამისად“.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ირანის რეკონსტრუქციის გეგმის წარდგენა, სულ მცირე, 300 მილიარდი დოლარის ღირებულებით; ირანის ნავთობისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება; ირანის მიერ ბირთვული იარაღის არწარმოების ვალდებულების ხელახლა დადასტურება.

აშშ-ის ვალდებულება, არ გაზარდოს სამხედრო ყოფნა რეგიონში და არ დააწესოს ახალი სანქციები, საბოლოო მოლაპარაკებები არ დაიწყება იქამდე, ვიდრე ირანის გაყინული აქტივების ნაწილი არ გათავისუფლდება; ირანის ნავთობის სანქციების დროებითი შეჩერება; საზღვაო ბლოკადის გაუქმება, როგორც წინაპირობა მოლაპარაკებებისთვის.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, საბოლოო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება დასრულებულია.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება სრულად დასრულებულია. ვულოცავ ყველას! სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ჰორმუზის სრუტის გახსნას გადასახადის გარეშე, ამავე დროს, ბრძანებას გავცემ შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ. მსოფლიოს გემებო, დაქოქეთ ძრავები. დაე, ნავთობმა იდინოს!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.