1772995280
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია - გადაწყვეტილება საჯაროდ მალევე გამოცხადდება
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრი ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას საჯაროდ მალე გამოაცხადებს ექსპერტთა ასამბლეის სამდივნოს ხელმძღვანელი.
ირანის სამხედრო ძალები თავდასხმებს აგრძელებს. ბაჰრეინის ქალაქ მუჰარაკში, თავდასხმის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანებულია უნივერსიტეტის შენობა, - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფრასტრუქტურაა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში წუხელ აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც დედაქალაქის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით იყო გამოწვეული.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ძირითადი მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის ცენტრში მდებარე სასტუმროზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ქუვეითში სამთავრობო შენობა ირანული დრონების სამიზნე გახდა, - ინფორმაციას ქუვეითის არმია ავრცელებს.
მათი ცნობით, დრონებით თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის საწვავის შესანახ ავზებზეც მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის დროული ლიკვიდაცია. დაშავებულების ინფორმაცია არ გავრცელებულა.







