ირანი ბირთვულ მიღწევებზე უკან არ დაიხევს და არც კომპრომისზე წავა - მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანი უკან არ დაიხევს და არც კომპრომისზე წავა მის ბირთვულ მიღწევებზე, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ბირთვული ტექნოლოგიების ეროვნული დღის აღნიშვნის ცერემონიაზე განაცხადა.

მასუდ ფეზეშქიანის თქმით, აშშ-სგან რაც უფრო მეტი მუქარა იქნება, ირანი მით უფრო ძლიერი იქნება.

ირანის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა, რომ თეირანი არ ცდილობს ბირთვული ბომბების შექმნას.

„ჩვენ ვეძებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას და ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დაფუძნებულს ღირსებასა და სიამაყეზე. ჩვენ არასდროს მივცემთ ვინმეს უფლებას, ხელი შეგვიშალოს ფიქრში ან ხელი შეგვიშალოს ვიყოთ ინოვაციური და შემოქმედებითი. დასავლეთი ამბობს, რომ ირანს სურს ბირთვული ბომბების წარმოება. ვინ არის ისლამური რევოლუციის ლიდერზე, აიათოლა სეიედ ალი ხამენეიზე ავტორიტეტული, რომელმაც განაცხადა ოფიციალურად და საჯაროდ, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ატომური ბომბების შექმნას? თქვენ ეს ასჯერ გადაამოწმეთ და შეგიძლიათ, ათასჯერ გადაამოწმოთ, მაგრამ იცოდეთ – ჩვენ გვჭირდება ბირთვული მეცნიერება და ბირთვული ენერგია ყველა სფეროში. ჩვენ არ ვეძებთ ომს, მაგრამ იმ ცოდნით და ძალით, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა ადამიანებმა შექმნეს, ჩვენ მტკიცედ დავდგებით ყოველგვარი აგრესიის წინაშე“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.