ინდოეთის თავდასხმის შემდეგ, პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს „შესაბამისი ქმედებების განხორციელების“ უფლებამოსილება მისცა

პაკისტანის მთავრობა

ინდოეთის თავდასხმის შემდეგ, პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს „შესაბამისი ქმედებების განხორციელების“ უფლებამოსილება მისცა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, პაკისტანი იტოვებს უფლებას, თავდაცვის მიზნით, მის მიერ არჩეულ დროს, ადგილას და ფორმით შური იძიოს უდანაშაულო პაკისტანელების სიცოცხლის დაკარგვისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევისთვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი, რომელმაც დაგმო ინდოეთის „არაპროვოცირებული, მშიშარა და უკანონო ომის აქტი“.

„ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმები განზრახ იყო მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, წარმოსახვითი ტერორისტული ბანაკების არსებობის ცრუ საბაბით, რამაც უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია და დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მეჩეთები. თავდასხმები საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აშკარად წარმოადგენდა ომის აქტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.