ილონ მასკის განცხადებით, X-ზე კიბერშეტევა განხორციელდა

ილონ მასკი

ილონ მასკი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ X-ზე კიბერშეტევა განხორციელდა. სოციალური ქსელი დღეს შეფერხებით მუშაობდა. დილის 06:00 საათზე პრობლემის შესახებ 20 500-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა, ხოლო დილის 10:00 საათზე თითქმის 40 000 მომხმარებელმა განაცხადა გათიშვების შესახებ.

მომხმარებლების თქმით, აპლიკაცია არ იტვირთებოდა.

როგორც მასკმა X-ზე დაწერა, მისი აზრით, დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა არის ჩართული ამ თავდასხმაში.

„X-ის წინააღმდეგ მოხდა (და კვლავ გრძელდება) მასშტაბური კიბერშეტევა. ჩვენზე ყოველდღე ხორციელდება თავდასხმები, მაგრამ ეს განხორციელდა უამრავი რესურსით. ჩართულია ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი და/ან რომელიმე ქვეყანა“, – წერს მასკი.