ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
იაპონიის ბირთვული რეგულირების ორგანოს განცხადებით, გასული წლის ბოლოს, თანამშრომელმა ჩინეთში მოგზაურობისას, შანხაის აეროპორტში დაკარგა მთავრობის მიერ გაცემული სმარტფონი, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდა.
გაზეთ "ასაჰი შიმბუნის" ცნობით, ბირთვული რეგულირების ორგანომ (NRA) განაცხადა, რომ თანამშრომელმა სმარტფონი, ნოემბერში, ჩინეთში პირადი მოგზაურობის დროს დაკარგა. მოწყობილობა, რომელიც ჯერ არ არის აღდგენილი, შეიცავდა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი პერსონალის სახელებსა და საკონტაქტო ინფორმაციას - ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ არის გამჟღავნებული მისი მაღალი დონის კონფიდენციალურობის გამო.
სააგენტომ მომხდარის შესახებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის კომისიას და განაცხადა, რომ არ შეუძლიათ გამორიცხონ ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობა, თუმცა ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურებულა. უწყებისა და სხვა წყაროების ცნობით, თანამშრომელი თვლის, რომ ტელეფონი 3 ნოემბერს შანხაის აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების გავლისას დაიკარგა. დაკარგვა სამი დღის შემდეგ შენიშნა, რის შემდეგაც აეროპორტის წარმომადგენლებს და სხვა შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდა.
დაზარალებული დეპარტამენტი პასუხისმგებელია ადგილობრივ ობიექტებში ბირთვული მასალების დაცვაზე, მათ შორის, ტერორიზმისა და ქურდობის პრევენციის ზომებზე. როგორც წესი, ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ჩართული პერსონალის ვინაობა და პირდაპირი საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია უსაფრთხოების რისკების მინიმიზაციის მიზნით.
ატომური ავარიების ან ძლიერი მიწისძვრების მსგავს საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, NRA-ს გარკვეულ თანამშრომლებს ეძლევათ კატასტროფების პრევენციის სმარტფონები და ვალდებულნი არიან ისინი ყოველთვის თან ატარონ. თუმცა, ინციდენტის საპასუხოდ, სააგენტომ თანამშრომლები გააფრთხილა, აღარ წაიღონ ასეთი სამსახურებრივი სმარტფონები საზღვარგარეთ.
უწყების წარმომადგენელმა Kyodo News-ს განუცხადა, რომ სააგენტო გადახედავს შიდა წესებს, მათ შორის, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს სამთავრობო მოწყობილობების ტარების პოლიტიკას.