ჰოლივუდის სკანდალი - სასამართლო პროცესის დაწყებამდე 1 თვით ადრე ციხეში მყოფ P Diddy-ის ორი ახალი ბრალდება წარუდგინეს

შონ დიდი ქომბსი

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ბრუკლინის ციხეში მყოფ შონ კომბსის, იგივე ფაფ დედის ორი ახალი ბრალდება წარუდგინეს. საქმეს სექსუალური ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის რამდენიმე ახალი ეპიზოდი დაემატა. ამ დრომდე არსებული ბრალდებები 2007-2018 წლამდე პერიოდს მოიცავდა, ამჯერად კი ფაქტები 2021-დან 2024 წლამდე გამოვლენილ დანაშაულს ეხება.

ახალი ბრალდების მიხედვით, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა მსხვერპლები მოტყუებით გასაიდუმლოებულ ადგილზე წაიყვანა და პროსტიტუციაში ჩართვა აიძულა. რეპერის ადვოკატები უარყოფენ, რომ დაზარალებულები სექსუალურ ორგიებში იძულებით მონაწილეობდნენ.

უკვე ცნობილია, რომ ნაფიც მსაჯულებს ფაფ დედის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს რეპერის ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა. მუსიკოსი მას 2007-დან 2018 წლამდე ხვდებოდა. ამ ეპიზოდში რეპერის წინააღმდეგ მეტყველებს ის სკანდალური კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ფაფ დედი პარტნიორს. ეს ვიდეო საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. ქესი ვენტურამ მოძალადე რეპერს ჯერ კიდევ 2023 წელს უჩივლა, თუმცა მოულოდნელად სარჩელი უკან გაიხმო.

დახურულ სხდომაზე დაკითხავენ კიდევ სამ სავარაუდო მსხვერპლს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ანონიმურ მოწმეებს შორის იყო ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლეგენდარულმა მუსიკოსმა ის 13 წლის ასაკში გააუპატიურა. დანაშაულის თანამონაწილედ ასახელებდა ჯეიზის სახელით ცნობილ მომღერალს შონ კარტერს. დაზარალებულმა რამდენიმე დღის წინ სარჩელი უკან გაიხმო. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ვინაობის გამჟღავნების და მედიაში მოსალოდნელი აჟიოტაჟის შეეშინდა. ფაფ დედის და ჯეიზის ადვოკატები ამ ფაქტს სამართლებრივ ბრძოლაში პირველ გამარჯვებად მიიჩნევენ.

საჯარო და ანონიმურ მოწმეთა სიაში სავარაუდოდ ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავია. მათ შორის ბიონსე, აშერი, ჯენიფერ ლოპესი, გლორია და ემილიო ესტეფანები. მედიაში აქტიურად საუბრობენ ჯასტინ ბიბერზე, რომელსაც ფაფ დედი კარიერის განვითარებაში დაეხმარა. პრესა აქტიურად წერს, რომ ჯასტინ ბიბერი იქნება ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რადგან ის ჯერ კიდევ არასრულწლოვნების ასაკში გახდა რეპერის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მედია წერს, რომ გახმაურებული სასამართლო პროცესის მოახლოებასთან ერთად ჯასტინ ბიბერი სულ უფრო ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში წვდომაც შეზღუდა.

ე.წ. თეთრ წვეულებებს შონ კომბსის, იგივე ფაფ დედის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცენტრალურ ადგილი უკავია. ბრალდების მიხედვით, წვეულებების მონაწილე ქალებს და ზოგჯერ კაცებს სექს მომსახურებას აიძულებდნენ. მეგავარსკვლავი, რომელიც უმძიმესი ბრალდებებით სექტემბერში დააკავეს, დღესაც ამტკიცებს, რომ წვეულებებზე სექსუალური კავშირები ნებაყოფლობით ან რომანტიკული ინტერესით ხდებოდა და გაუპატიურებებს ადგილი არ ჰქონია.

საქმის მასალებით კი დგინდება, რომ ფაფ დედის წვეულებებზე სტუმრებს სასმელში დაუკითხავად უყრიდნენ ნარკოტიკებს. ხშირად გაუპატიურების მომენტში იღებდნენ ვიდეოებს, რათა მსხვერპლს ვიდეოს გავრცელების შიშით სასამართლოში არ ეჩივლა. გამოძიების ვერსიით, დანაშაულში რეპერის კომპანიის ათობით თანამშრომელი იყო ჩართული. ყოველწლიურად ფაფ დედის წვეულებებს უამრავი ცნობილი სახე და ჰოლივუდის ვარსკვლავი ესწრებოდა, თუმცა ვინ მონაწილეობდა თეთრი წვეულებების შავ საქმეებში, ჯერ კიდევ გამოძიების საგანია.

ფუფუნებაში მცხოვრები ცნობილი მუსიკოსის გარეგნობას ციხის კედლებმა კვალი უკვე დაატყო. გავრცელდა ჩანახატი ერთ-ერთი ბოლო სასამართლო სხდომიდან, სადაც სამი გრემის მფლობელის ნაცვლად დარბაზში ზის გამხდარი, ჭაღარა მამაკაცი. ამ პროცესზე სასამართლოში დამოუკიდებლად განიხილებოდა რეპერის მიმართ წარდგენილი კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც შრომით ექსპლუატაციას უკავშირდება. სასამართლოში იმყოფებოდნენ მუსიკოსის ოჯახის წევრებიც, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. იციან, რომ 55 წლის მუსიკოსს, მთავარი სამართლებრივი დრამა ჯერ წინ აქვს. თარიღი უკვე ცნობილია. ნაფიცი მსაჯულები პირველად 12 მაისს შეიკრიბებიან და ოფიციალურად გაიხსნება საქმე, რომელიც მსოფლიოს სამუსიკო სამყაროს ამ დრომდე არასდროს უნახავს.

ვრცლად ↓