ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა - რას წერს სკოლის დირექტორი
1774947180
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუჩაში ვიზიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა უერთდება უნგრეთის გარდა.
მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთმა 2022 წელს ბუჩაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო, რაზეც მას პასუხისმგებლობა ეკისრება.
„დღეს კიევსა და ბუჩაში შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი სისასტიკის მსხვერპლებს, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა კიევის რეგიონის ნაწილების დროებითი ოკუპაციის დროს 2022 წელს. ჩვენ პატივს მივაგებთ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ყველა მსხვერპლის ხსოვნას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივი მკვლელობების, წამების, სექსუალური ძალადობის, იძულებითი დეპორტაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის სხვა მძიმე დარღვევების მსხვერპლი გახდა. რუსული ძალების გასვლის შემდეგ შეგროვებული მტკიცებულებები ხაზს უსვამს სრული და ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
„რუსეთის აგრესიული ომის ამ მეხუთე წელს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტში მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ქალაქში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლეს.