ჰარისი ზელენსკის, შესაძლოა, მომავალ კვირას შეხვდეს -CNN

ჰარისი ზელენსკის, შესაძლოა, მომავალ კვირას შეხვდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მომავალ კვირას ვაშინგტონში, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, უკრაინულ მხარეს გარკვეული შიშები აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში რუსეთ-უკრაინის ომზე, და როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ კიევის მიმართ კენჭისყრის დასრულების შედეგ.

ჟურნალისტებმა ჰარისისა და ზელენსკის სავარაუდო შეხვედრის შესახებ კითხვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს ჯონ კირბის დაუსვეს.

„ვიცი, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკის პირისპირ რამდენჯერმე შეხვდა, ტელეფონითაც ესაუბრა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ გაჩნდება შესაძლებლობა და ორივე მათგანი საუბარს მოისურვებს, ისინი შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა მისი თანაგუნდელებისთვის გეკითხათ“, - თქვა კირბიმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ მომავალ კვირას ზელენსკის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება. ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ივლისში ესაუბრა, თუმცა, თუ მათ შორის პირისპირ შეხვედრა შედგება, ეს იქნება პირველი მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა.