გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის ორი წლისთავზე ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია.
როგორც რუბიო წერს, ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა, ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფუძველი შეიქმნას.
„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის საზარელი თავდასხმების მეორე წლისთავზე, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს ისრაელს ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში და ჩვენს საერთო ვალდებულებაში, დაასრულოს თითოეული მძევლისა და მათი ოჯახების ტანჯვა. აშშ-ის პრეზიდენტის 20-პუნქტიანი გეგმა ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა, დასრულდეს ეს ბნელი თავი და შეიქმნას საფუძველი ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს რუბიო.
ცნობისთვის, ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკებები გრძელდება.
ეგვიპტეში იმყოფება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც. შეხვედრების მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა. შუამავლის როლს ეგვიპტელი და კატარელი მედიატორები ასრულებენ. ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.