„ჰამასის“ ლიდერის განცხადებით, ისრაელმა საჰაერო თავდასხმებით მძევლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ღაზა

დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის, ეზატ ალ-რიშკის განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია.

„ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, - აცხადებს ალ-რიშკი.

ცნობისთვის,  Al Aqsa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა.

აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა.

რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებასა და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

„ჰამასი“ ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შედეგადაც 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

„ჰამასის“ საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.