„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში, 25 იანვარს ოთხ ქალ სამხედროს გაათავისუფლებენ

ჰამასის მძევლები

„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც შაბათს, 25 იანვარს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა. მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.

როგორც „ბიბისი“ წერს, უახლოეს მომავალში „ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომელთაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ. მათ შორისაა ბიბასის ოჯახი – მშობლები ორი მცირეწლოვანით, რომელთაგან უმცროსი გატაცების დროს მხოლოდ 10 თვის იყო.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა და ის სამ ეტაპს მოიცავს. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მძევლებისა და პატიმრების გაცვლაა.

ამასთან, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა კატეგორიული უარი თქვა იმ პატიმრების გათავისუფლებაზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა 7 ოქტომბრის თავდასხმაში.