1766497440
„ჰამასი“ აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და პრეზიდენტ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის დარღვევას - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
მისი თქმით, დაჯგუფების სამიზნე ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციერი გახდა, რასაც უპასუხოდ არ დატოვებენ.
„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და პრეზიდენტ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის დარღვევას. მათი მუდმივი და საჯარო უარი განიარაღებაზე წარმოადგენს შეთანხმების აშკარა დარღვევას. დღესაც მათი ძალადობრივი განზრახვები, დარღვევები დადასტურდა აფეთქებით, რის შედეგადაც ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი დაიჭრა. „ჰამასი“ უნდა დაემორჩილოს მათ მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს მმართველობიდან ჩამოშორებას, დემილიტარიზაციას და დერადიკალიზაციას. ისრაელი მათ შესაბამისად უპასუხებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰის რაიონში ოპერატიული საქმიანობის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ისრაელელი ოფიცერი, რომელიც სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.










