ჰაერისგან სასმელად ვარგისი წყალი მიიღეს - მეცნიერების უნიკალური მიღწევა

წყალი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერიდან სასმელად ვარგისი წყლის მიღებაა შესაძლებელი. ამგვარი გარდაქმნა ისეთ მშრალ ადგილებშიც მიიღწევა, როგორიც აშშ-ში მდებარე სიკვდილის ველია - ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე.

ახალი მეთოდით სუფთა წყლის მისაღებად ჰაერში არსებული ორთქლია საჭირო. მას სპეციალური პანელის შემადგენელი ჰიდროგელი შთანთქავს, რომელიც მინის ორ შრეს შორისაა მოქცეული. ღამით იგი ატმოსფეროდან ორთქლს იღებს, დღისით კი წყალი კონდენსირდება მინაზე, რომელსაც ამის ხელშესაწყობად სიცივის შემანარჩუნებელი საფარველი აქვს. წვეთები შემდეგ ქვემოთ ჩაედინება და მილების სისტემაში გროვდება.

ჰიდროგელს ამოზნექილი ბურთების ფორმა აქვს, რითაც ბუშტუკებიან შესაფუთ პარკს მოგვაგონებს. ისინი მაშინ იბერება, როცა ორთქლი შთაინთქმება. შედეგად ამ მასალის ზედაპირის არეალიც იზრდება და უფრო დიდი მოცულობის სითხის დატევის საშუალებას იძლევა.

ეს მეთოდი მეცნიერებმა სწორედ სიკვდილის ველზე გამოცადეს. ყოველდღიურად იქ ჰიდროგელმა 57-დან 161.5 მილილიტრამდე წყალი წარმოქმნა, რაც ერთი ჭიქის მეოთხედიდან ორ მესამედამდეა. შედარებით ტენიან არეალებში უფრო მეტი წყლის მიღებაა მოსალოდნელი. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ხერხი ეფექტიანია და მუშაობისთვის ელექტროენერგიას არ საჭიროებს.

როგორც წესი, ამგვარ დიზაინებში ჰიდროგელს ლითიუმის მარილებს უმატებენ ხოლმე, რათა წყლის შთანთქმა გაუმჯობესდეს. ისინი ხშირად სითხეში იჟონება და მას დასალევად გამოუსადეგარს ხდის. ახალ მეთოდში ეს გათვალისწინებულია, რადგან მოწყობილობა მარილების სტაბილიზატორსაც მოიცავს, რომელსაც გლიცეროლი ეწოდება. ის გაჟონვას დასაშვებ ნორმამდე (0.06 ppm) ამცირებს.

პანელის ზომა ძალიან დიდი არაა, ამიტომ ოჯახისთვის სამყოფი წყლის მისაღებად რამდენიმე ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია. კერძოდ, მკვლევართა გამოთვლებით, 1მ/2მ-ზე ზომის რვა ვერტიკალური პანელი საკმარისი უნდა იყოს ისეთ ადგილებში, სადაც წყლის დეფიციტია. ისინი სულ მცირე ერთ წელს გაძლებს.