გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ ვაშინგტონში შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპის შეთავაზება მიიღო

გუსტავო პეტრო

კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ ვაშინგტონში შეხვედრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზება მიიღო. მისივე თქმით, ეს მათი პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის განმუხტვას შეუწყო ხელი.

„ჩვენ პირველად ვისაუბრეთ ტელეფონით მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა. ცხადია, გარკვეული შეშფოთება მეც მქონდა. საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მან საშუალება მომცა, მესაუბრა. მშვიდობა დიალოგით მიიღწევა და სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას დავთანხმდი. ვნახოთ, რა მოხდება. კოლუმბიამ იცის, როგორ ისარგებლოს მშვიდობით“, – განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა.

ამასთან, გუსტავო პეტროს განცხადებით, ის ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესსაც ესაუბრა. ის იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის სამმხრივი დიალოგიც დამყარდება.

„ჩვენ თეთრ სახლში საუბარი გვესაჭიროება. ორი დღის წინ ვესაუბრე ვენესუელის ამჟამინდელ პრეზიდენტ დელსის და ის კოლუმბიაში დავპატიჟე. ჩვენ გვსურს სამმხრივი დიალოგი. გლობალური დიალოგის იმედი გვაქვს, რათა ვენესუელის საზოგადოება კოლუმბიის მსგავსად სტაბილიზებული იყოს“, – აღნიშნა პეტრომ.