გივი მიქანაძე: პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გადის საქართველოზე და ეს ყველამ უნდა იცოდეს მსოფლიოში

გივი მიქანაძე

პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გადის საქართველოზე და ეს ყველამ უნდა იცოდეს მსოფლიოში, - განუცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დღევანდელმა შეხვედრებმა კიდევ უფრო განამტკიცა ეს ურთიერთობები.

„მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი არა მხოლოდ გაცნობითი ხასიათით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედროდა აზერბაიჯანის ყველა პირველ პირს, როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ასევე უკვე კონტექსტური, თავისი შინაარსობრივი დატვირთვით კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა პოლიტიკური ნება საქართველოსი, რომ გააგრძელოს მუშაობა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის არსებითად განმსაზღვრელია სამომავლო წინსვლისა და წარმატებისა. ამასთანავე, ხაზი გაესვა მნიშვნელობას ისეთი საკითხებისა, როგორიც არის ახალგაზრდებს შორის გაცვლითი პროგრამები, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ორ ერს, რომ ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამებითა და ერთობლივი ფორუმების მოწყობით შესაძლებელი გახდეს ორმა მოძმე ერმა უფრო მეტი გაიგოს ერთმანეთის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაამყარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ, ხალხთა შორის კავშირებს ორ სახელმწიფოს შორის“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარეს.