ღაზის სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 2 400-ზე მეტი სატვირთო მანქანა შეუშვეს

ღაზის სექტორი

სამშაბათს, სამშვიდობო შეთანხმების მესამე დღეს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 900-მდე სატვირთო მანქანა შევიდა. ამგვარად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებდან პირველი სამი დღის განმავლობაში ანკლავში სულ 2 400-ზე მეტი სატვირთო მანქანა შეუშვეს.

როგორც ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე გაერო-ს ჰუმანიტარული პროგრამის წარმომადგენელმა, მუჰანად ჰადიმ განაცხადა, ტვირთის შესვლის დროს ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტებს, თუმცა არა ისეთი მასშტაბის, როგორც ადრე.

„ეს არ იყო ორგანიზებული დანაშაული. ბავშვები შეხტნენ ზოგიერთ სატვირთო მანქანაზე და საკვების აღება სცადეს. იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებმაც წყლის ბოთლების აღება სურდათ. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში ეს ინციდენტები აღარ განმეორდება, რადგან ღაზაში მყოფი მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ დახმარება ყველას ეყოფა“, – თქვა ჰადიმ პალესტინური ანკლავის მონახულების შემდეგ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს შევიდა ძალაში. აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეული ზავი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას და ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებას, ასევე ანკლავში მეტი ჰუმანიტარული ტვირთის დაშვებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ექვსკვირიანი პირველი ეტაპის მიმდინარეობისას, ღაზაში ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების სულ მცირე 600 სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს.