ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 230-ს აჭარბებს

ისრაელი და „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის 40 დღით შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ

ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Al Aqsa იტყობინება.

„წინასწარი მონაცემებით, 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე კი, გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, „ ისრაელმა წინასწარ გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ განაახლებს დარტყმებს ღაზას სექტორზე.“

„ისრაელმა აცნობა ტრამპის ადმინისტრაციას საჰაერო იერიშების შესახებ“, - წერდა მედიასაშუალება.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა.

რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებასა და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

„ჰამასი“ ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შედეგადაც 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

„ჰამასის“ საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.