1745863963
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, უარი თქვას ტერიტორიულ დათმობებზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გააფრთხილა უკრაინა, რომ არ დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას პისტორიუსმა აღნიშნა, რომ კიევი „არ უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტის წინადადება ითვალისწინებს“, რაც მისი თქმით, „კაპიტულაციის“ ტოლფასი იქნება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის, რომ ზავის მისაღწევად შესაძლოა, ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.
„მაგრამ ისინი ნამდვილად არ წავლენ ისე შორს – ან არ უნდა წავიდნენ ისე შორს, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტის უახლესი წინადადება ითვალისწინებს. ერთი წლის წინ, უკრაინას შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო ის, რაც ამ წინადადებაშია, ეს კაპიტულაციის ტოლფასია“, – განაცხადა პისტორიუსმა.