გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმაზე შეთანხმდნენ

გერმანიის მმართველ კოალიცია

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ბლოკი) სამხედრო სამსახურის გაწვევის ახალ წესებთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიეს.

როგორც გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან, კომპრომისული წინადადება მოიცავს საყოველთაო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რათა დადგინდეს, თუ ვისი გაწვევა არის მიზანშეწონილი სამხედრო სამსახურში.

ამას გარდა, შეთანხმებულია გერმანიის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მიზნობრივი რაოდენობაც. ამ რაოდენობის მიღწევა მოხალისეობრივ საფუძველზე თუ ვერ მოხერხდება, გერმანიის პარლამენტმა, შესაძლოა, შემოიღოს „საჭიროებაზე დაფუძნებული სამხედრო გაწვევა“. ამ გაწვევის მონაწილეების შერჩევა შესაძლებელი იქნება შემთხვევითობის პრინციპით. ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში 2026 წელს გერმანიის ახალგაზრდა მოქალაქეებს გაეგზავნებათ კითხვარი, სურთ თუ არა სამხედრო სამსახური. ამ ანკეტების შევსება მამაკაცებისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ქალები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში შეავსებენ. შესაფერის კანდიდატებს შერჩევის პროცედურაზე მიიწვევენ.

2027 წელის 1-ლი ივლისიდან კი გერმანიაში 18 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს მიიწვევენ სავალდებულო სამედიცინო ექსპერტიზაზე.

მედია წერს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის მიზანია ქვეყნის არმიაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 80 000-ით გაზრდა, რათა მათმა რიცხვმა 260 000-ს შეადგინოს. რეზერვისტების რაოდენობა კი 200 000 უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გაწვევის ახალი წესების შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული კანონი პირველი მოსმენით ბუნდესტაგში 9 ოქტომბერს უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის უთანხმოების გამო კენჭისყრა გადაიდო.

ცნობისთვის, სავალდებულო სამხედრო გაწვევა გერმანიაში 2011 წელს შეჩერდა, თუმცა მისი აღდგენა შესაძლებელია ბუნდესტაგის წევრთა უბრალო უმრავლესობის თანხმობით. ამას გარდა, სავალდებულო სამხედრო გაწვევა ამოქმედდება ავტომატურად, თუ გერმანიის საკანონმდებლო ორგანო ქვეყანაში „დაძაბულობის მდგომარეობას“ ან „თავდაცვის მდგომარეობას“ გამოაცხადებს. „დაძაბულობის მდგომარეობა“ გულისხმობს საერთაშორისო კონფლიქტის გამწვავებას, თავდასხმის მუქარას ან არმიის თავდაცვისთვის მომზადებას. „თავდაცვის მდგომარეობა“ კი ცხადდება გერმანიაზე შეიარაღებული თავდასხმისა ან ასეთი თავდასხმის მუქარის გამო. ქვეყნის კანონმდებლობა სავალდებულო სამხედრო გაწვევას მხოლოდ მამაკაცებისთვის ითვალისწინებს.