გერმანიის ფედერალური მთავრობა ასკვნის, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია - ალექსანდერ დობრინდტი

ალექსანდერ დობრინდტი

ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის მცდელობაში გერმანია რუსეთს ადანაშაულებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, ფედერალური მთავრობა ასკვნის, რომ რუსეთია პასუხისმგებელი ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე.

„ჩვენ ლაიფციგს იზოლირებულ ინციდენტად არ განვიხილავთ, არამედ მას სხვა ჰიბრიდული ქმედებების კონტექსტში განვიხილავთ. ვვარაუდობთ, რომ გერმანია რუსეთის მხრიდან შემდგომი ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდება“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ამბობს, რომ გამოყენებული საშუალებები, როგორიცაა დრონის კონფიგურაცია, კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონაციის სისტემები, ცნობილია რუსეთის სხვა ჰიბრიდული ოპერაციებიდან და უკრაინის წინააღმდეგ მისი ომიდან.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმა ევროპის წინააღმდეგ „დესტაბილიზაციის ოპერაციების ხანგრძლივი სერიის“ ნიმუშს შეესაბამება.

„ჩვენი გზავნილი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ნათელია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უსაფრთხოების კურსს. ლაიფციგზე თავდასხმა აჩვენებს, რომ ეს აუცილებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი სოციალური ერთიანობა რუსეთის თავდასხმებმა დაიშალოს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვუპასუხოთ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის დაცვა ამას მოითხოვს“, – განაცხადა ვადეპულმა.

გერმანიის ხელისუფლებამ 4 აგვისტოს საღამოს, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებს შორის, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონაციის მექანიზმით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინა და ვარაუდობენ, რომ მეორე დრონი შესაძლოა, ახლომდებარე DHL-ის თვითმფრინავს შეეჯახა. გასულ კვირას, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტში ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მესამე დრონიც აღმოაჩინეს.