გენური თერაპიით პრიმატებს მხედველობა აღუდგინეს

გენური მუტაცია

მეცნიერებმა შეიმუშავეს გენური თერაპიის ახალი მეთოდი, რომელსაც მხედველობის პრობლემების მოგვარება შეუძლია. საუბარია პრიმატებზე ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც საბოლოოდ ადამიანებზე გამოიცდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და ბიოტექნოლოგიური კომპანიის Life Biosciences-ის მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ გენეტიკური მარკერების რეპროგრამირება შეძლო. ამით პრიმატებში მხედველობის აღდგენა მოხერხდა.

მკვლევრებმა პრიმატებს თვალებში სპეციალური ქიმიკატები შეუყვანეს, რომლებსაც შეუძლიათ გადააპროგრამონ უჯრედები. ამით უჯრედი ნაწილობრივ ახალგაზრდულ მდგომარეობაში ბრუნდება.

კვლევაში ათი პრიმატი იყო ჩართული. მათგან ექვსს ახალი გენური თერაპიით მკურნალობდნენ, ხოლო ოთხს საკონტროლო ხსნარი შეუყვანეს. მკურნალობა 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და შედეგი მალევე შესამჩნევი იყო.

მიზანი თვალის სპეციფიკური აშლილობის მკურნალობა იყო, რაც მხედველობის უეცარ დაკარგვას იწვევს.

"NAION არის მწვავე ოპტიკური ნეიროპათიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ამ მომენტისთვის მისი ეფექტური მკურნალობის მეთოდი არ გაგვაჩნია. ჩვენი კვლევა ხსნის ახალ შესაძლებლობებს უჯრედების გაახალგაზრდავებისთვის, არა მხოლოდ NAION-ის შემთხვევაში, არამედ სხვა ოფთალმოლოგიურ დაავადებებში, რომლებიც წარმოიქმნება ბადურის უჯრედების დისფუნქციის შედეგად", — თქვა ბრიუს ქსანდერმა, კვლევის ხელმძღვანელმა და ჰარვარდის ოფთალმოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა.