1775159088
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.
Fox News-თან ინტერვიუში კელოგმა მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები ირანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მათი უმოქმედობის გამო.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესაძლოა უფრო მოგებიანი იყოს სხვა თავდაცვითი პარტნიორების ყოლა.
„ნატო ლაჩარი აღმოჩნდა. შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა“, - განაცხადა კელოგმა.
მან გამოსავლად მიუთითა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ნებისმიერ მხარეს შეუძლია დატოვოს ნატო დენონსაციის შესახებ შეტყობინების წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ.
შემდეგ კელოგმა ალტერნატიული ალიანსის სტრუქტურების იდეა წამოაყენა.
„თავიდან გადავანაწილოთ თავდაცვითი ალიანსები; შესაძლოა შევქმნათ ახალი გაერთიანება იაპონიასთან, ავსტრალიასთან და იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან ბრძოლაში ჩასაბმელად - მაგალითად, ახალ, ხელახლა გააქტიურებულ გერმანიასთან ან პოლონეთთან. ასევე უკრაინასთანაც, რომელმაც დაამტკიცა, რომ კარგი მოკავშირეა“.












