წყალი 18 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1772478547
თეირანიდან გავრცელებულ ბოლო კადრებში ჩანს ირანის თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის შტაბ-ბინისა და თეირანის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების განადგურებული შენობები. ირანის "წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება" ამტკიცებს, რომ, შტატები-ისრაელის იერიშების შედეგად, დარტყმის ქვეშ 131 ქალაქი აღმოჩნდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 555-ია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თეირანში მთელი ღამისა და დღის განმავლობაში ისმოდა. მათივე ცნობით, სამიზნე გახდა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაც.
დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას გამორიცხავს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ყველაფერში შტატები დაადანაშაულა და თქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის ბრძანება ტრამპმა გასცა.
სანამ ირანი ირწმუნება, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობას განაგრძობს, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათში მათ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის, ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე ისრაელის საკითხებში. ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აქცენტს სრული სიზუსტით მიმდინარე ოპერაციებზე აკეთებს.
გადამწყვეტ დარტყმამდე, აშშ-ის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებები უფრო მასშტაბური გახდება.
ირანში მიმდინარე პროცესებს აკვირდება ბრიუსელი. მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპა აბსოლუტურად უჭერს მხარს ირანში აშშ-ის ქმედებებს, თუმცა NATO ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში არ ჩაერთვება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ბერლინი ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში მონაწილეობას არ მიიღებს, საფრანგეთი კი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირეებს დაეხმაროს.
ირანზე თავდასხმას მოსკოვი გმობს. რუსეთი ამტკიცებს, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზეა და სიტუაციას აანალიზებს.
სანამ მსოფლიო ირანში კონფლიქტის შესაძლო განვითარებაზე პოლიტიკურად მსჯელობს, შეშფოთებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვას არ გამორიცხავს.
რთულ ვითარებაში არიან ირანში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას მეზობელი სახელმწიფოების დახმარებით ცდილობს. ირანიდან ლტოლვილები უკვე მიიღო ერაყმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა.