გამოქვეყნდა ჯეფრი ეპშტეინის საქმიდან ახალი დოკუმენტები, სადაც Victoria's Secret-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფიგურირებს

Victoria's Secret

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი დოკუმენტები ჯეფრი ეპშტეინის გახმაურებულ საქმეზე. ერთ-ერთი დოკუმენტი Victoria's Secret-ის ყოფილ ხელმძღვანელს ლესლი ვექსნერს ეხება. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ნიუ-იორკში მდებარე სკანდალურად ცნობილი სასახლე ფინანსისტს ლესლი ვექსნერმა, სიმბოლურ 20 დოლარად გადასცა, მაშინ როცა შენობის რეალური ღირებულება ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენდა.

საუბარია აღმოსავლეთ 71-ე ქუჩაზე მდებარე შვიდსართულიან სახლზე, ცენტრალურ პარკის ხედით. სწორედ ეს შენობა ფიგურირებდა საქმეში, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეპშტეინი დანაშაულებს სჩადიოდა. სასახლეში დაახლოებით 40 ოთახია, მათ შორის 10 საძინებელი და 15 სააბაზანო. ვექსნერმა სახლი 1989 წელს 13,2 მილიონ დოლარად შეიძინა და რეკონსტრუქციაში დიდი თანხა დახარჯა, თუმცა თავად იქ თითქმის არ უცხოვრია.

ეპშტეინის გარდაცვალების შემდეგ სახლი 51 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო მიღებული თანხა მსხვერპლთა კომპენსაციას მოხმარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვექსნერმა ეპშტეინთან ყველა კავშირი 2006 წელს, მისი დაპატიმრების შემდეგ გაწყვიტა.