„გალაპის“ კვლევის თანახმად, ამერიკელებს განსაკუთრებით აშფოთებთ აშშ-ის პოლიტიკური სისტემა

არჩევნები ამერიკაში

„გალაპის“ ახალი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ამერიკელები განსაკუთებით შეშფოთებული არიან მათი ქვეყნის პოლიტიკური სისტემით.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, „გალაპის“ სოციოლოგიური გამოკითხვით, აშშ-ის მოქალაქეთა ერთი მესამედი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად პოლიტიკას და მთავრობას ასახელებს.

„გალაპის“ წარმომადგენლების განმარტებით, აშშ-ის მოქალაქეები შეშფოთებული არიან ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მდგრადობით და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ეკონომიკური პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას.

ამავე კვლევის მიხედვით, მაღალი საცხოვრებელი ხარჯების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ ამერიკელი ახალგაზრდები. 35 წლამდე ამერიკელების უმეტესობა მთავარ პრობლემებად მიიჩნევს სურსათისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას. 35 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში კი, მთავარ პრობლემად პოლიტიკა სახელდება.

„გალაპის“ გამოკითხვა 2025 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში 107 ქვეყანაში ჩატარდა. ცდომილება 2,4-დან 4,7%-მდეა.