ავსტრალიელ მოზარდს ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მკვლელობის მუქარაზე სოციალურ ქსელში გაკეთებული ჩანაწერის გამო ათი წლით პატიმრობა ემუქრება

ისააკ ჰერცოგი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული ჩანაწერის გამო ავსტრალიელ მოზარდს ათი წლით პატიმრობა ემუქრება. „როიტერის“ ცნობით, 19 წლის ახალგაზრდამ სოციალური მედიის პლატფორმებზე ისრაელის პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის შემცველი ჩანაწერები, ისააკ ჰერცოგის ავსტრალიაში ვიზიტამდე გამოაქვეყნა.

პოლიციის ცნობით, მას ბრალი „საერთაშორისოდ დაცული უცხოელი ლიდერის მკვლელობის მუქარაში“ ედება. ავსტრალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ასევე ემუქრებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

დაკავებულის ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ხელსაწყოები, რომლებიც ნარკოტიკების დასამზადებლად ან მოხმარებისთვის გამოყენება. მოზარდის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

ისრაელის პრეზიდენტი ავსტრალიაში ხუთდღიანი ვიზიტით 8 თებერვალს ჩავა. ის დეკემბერში ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდება ჰერცოგის ვიზიტმა პრო-პალესტინური ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია, რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები. სიდნეის პოლიციამ ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტის წინ ქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა.