1753353596
FT: გერმანიას ევროპაში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნა სურს

გერმანია გეგმავს ევროპაში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნას, ყოველწლიურად გაზრდის გაწვრთნილი რეზერვისტების რაოდენობას, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, გერმანიის მთავრობის გეგმები 2031 წლამდე ყოველწლიურად 40 000-მდე ახალი რეზერვისტის გაწვევას გულისხმობს.
FT-ის ცნობით, გერმანიის მთავრობას აგვისტოს ბოლოს წარედგინება კანონპროექტი. ის ითვალისწინებს ნებაყოფლობითი სამხედრო წვრთნებისთვის 2 000 ევროს გადახდას, რის შემდეგაც პირი ავტომატურად შედის რეზერვისტთა სიაში.
მომავალ რეზერვისტებს, ასევე, შეეძლებათ ენის კურსების გავლა და მართვის მოწმობის მიღება სწავლების პერიოდში. პროგრამის საწყისი ხანგრძლივობა ექვსი თვეა, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გახანგრძლივება. ამავდროულად, მათ 2025 წლისთვის დაახლოებით 15 ათასი რეზერვისტის გაწვევა სურთ.
FT-ის ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოთქვამს სურვილს, გახდნენ პროფესიონალი ჯარისკაცები წვრთნის დასრულების შემდეგ.