23 აპრ 8:35
ფრიდრიხ მერცი სუმზე თავდასხმას გმობს და ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი სუმზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმა იყო „გამიზნული და გათვლილი ომის დანაშაული“.
„თავდასხმის ორი ტალღა იყო და მეორე იმ დროს მოხდა, როდესაც სამაშველო პერსონალი დაშავებულებს ეხმარებოდა. ეს არის პასუხი, რომელსაც პუტინი აძლევს მათ, ვინ ცეცხლის შეწყვეტაზე ესაუბრება. ჩვენი მზაობა მასთან მოლაპარაკების წარმოებაზე ინტერპრეტირებულია არა როგორც სერიოზული წინადადება მშვიდობის დასამყარებლად, არამედ როგორც სისუსტე“, – განაცხადა მერცმა.
აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხ მერცი ასევე ემხრობა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის შორი რადიუსის რაკეტებით უზრუნველყოფას, რისი წინააღმდეგიც კანცლერი ოლაფ შოლცი იყო.
სუმში 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი ემსხვერპლა, 117 კი დაშავდა.