ფლორიდა სტიქიური უბედურების ზონად იქცა - მოსახლეობა დატბორილი ტერიტორიიდან თავის დაღწევას საკუთარი ძალებით ცდილობს

ფლორიდა

ფლორიდა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. მექსიკის ყურეში წარმოქმნილი მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მილტონი", შტატის სანაპირო ზოლის მიმდებარე დასახლებებს ანადგურებს. შტორმის გამო ფლორიდას რამდენიმე ტორნადომ გადაუარა, არის მსხვერპლი. მთავრობამ სტიქიის ზონიდან სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა და ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტიქიური უბედურების ზონიდან 6 მილიონი ადამიანი სავალდებულო ევაკუაციას ექვემდებარება, ამგვარი მასშტაბის ევაკუაცია შტატის ისტორიაში არასდროს გამოცხადებულა. მოსახლეობა დატბორილი ტერიტორიიდან თავის დაღწევას საკუთარი ძალებით ცდილობს, რის გამოც საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე მრავალკილომეტრიანი საცობებია.

ყველაზე რთული ვითარება ტამპას ყურესთან მდებარე სეინტ ლუსიეს ოლქშია, სადაც მეორე კატეგორიის შტორმის პარალელურად დასახლებებს ორმა ტორნადომ გადაუარა. ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. პოლიციამ რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვა. შტატში დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა, სამი მილიონი ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ჰიდრომეტეოროლოგების პროგნოზით, ციკლონის ეპიცენტრი სანაპირო ზოლიდან შტატის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე დღის განმავლობაში გადაინაცვლებს. მოსალოდნელ დამანგრეველ შედეგებთან საბრძოლველად ფლორიდაში უკვე გადასროლილია ეროვნული გვარდია. მობილიზებულია ავიაცია და სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.