ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას არ ვუყენებთ რამე მოთხოვნას, რომელ სამიზნეებზე მიიტანოს იერიში რუსეთში, ფინეთის მოქალაქეები საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ, ამიტომ დრონებისგან თავდაცვის სისტემაზე ვმუშაობთ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არ სთხოვენ უკრაინას, შეწყვიტოს რუსული სამიზნეების წინააღმდეგ იერიშები. ამის შესახებ ელინა ვალტონენმა ფინურ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ვალტონენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი უკრაინას რუსეთზე განხორციელებულ იერიშებთან დაკავშირებით არანაირ მოთხოვნას არ უყენებს, ვინაიდან უკრაინელები თავდაცვით ომს აწარმოებენ.

„უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ჩვენ უკრაინას არ ვუყენებთ რამე მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სამიზნეებზე მიიტანოს იერიში რუსეთში“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის მოქალაქეები საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ქვეყანა ამჟამად დრონებისგან თავდაცვის სისტემაზე მუშაობს.

ვალტონენის შეფასებით, შეიძლება, სისტემა რამდენიმე თვეში ექსპლუატაციაში შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს რამდენიმე დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რადგან იმავე პერიოდში უკრაინა თავს დაესხა რუსეთის სამიზნეებს ლენინგრადის ოლქში, რომელიც ფინეთს ესაზღვრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო უკრაინამ ფინეთს ბოდიში მოუხადა.